შრომის კოდექსის ცვლილებები ძალაშია

 

ფოტო

შრომის კოდექსის რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდა. გუშინ ჩვენ მიერ შემუშავებულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა უკომენტაროდ მოაწერა ხელი მას შემდეგ, რაც მათი მიღება ქვეყნის ეკონომიკისათვის დამღუპველ ფაქტად შეაფასა. ალბათ, აზრი შეიცვალა ან ვეტოები მობეზრდა.

შრომის კოდექსის ახალი რედაქცია არც დასაქმებულის უფლებებს იცავს ისე, როგორც სოციალისტებს გაუხარდებოდათ, და არც დამსაქმებელს აძლევს იმის უფლებას, უსაფუძვლოდ და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, ან დღედაღამ მუშაობა დაავალოს მხოლოდ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. დამსაქმებელს იმ კედლიდან მხოლოდ ერთი ნაბიჯით უკან დახევა მოუწია, რომელთანაც დასაქმებული წლების განმავლობაში ჰყავდა მიყენებული. ჩვენი ახალი კოდექსი ბოლომდე არც დასაქმებულს მოსწონს და არც დამსაქმებელს − ამიტომაც არის ის კარგი; ყველა მხარის მიერ გაწეული კომპრომისის შედეგი. შრომის ახალი კოდექსი დასაქმებულისთვის უზრუნველყოფს მინიმუმის მინიმუმს, როგორც ეს არაერთმა უცხოელმა ექსპერტმაც დაადასტურა და გვაახლოებს იმ დასავლურ საზოგადოებას, რომლის ნაწილიც ჩვენ საბოლოოდ მალე უნდა გავხდეთ. 

შრომის კოდექსის ცვლილებებზე მუშაობა სხვა მხრივაც იყო მნიშვნელოვანი. ამ პროცესმა საფუძველი ჩაუყარა ბიზნესსა და სახელმწიფოს, ბიზნესსა და პროფკავშირებს, პროფკავშირებსა და სახელმწიფოს შორის აზრთა ჭიდილს ერთი საერთო საქმის გარშემო, იმ კანონის გარშემო, რომელიც ყველა ადამიანს ეხება და არავის ტოვებს გულგრილს. საოცარი ძალისხმევა გასწიეს კომპრომისის მიღწევაში საქართველოს ბიზნესასოციაციამ, ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანებულმა ფედერაციამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და ბევრმა სხვამ. 

მმართველი პოლიტიკური გუნდისა და საჯარო სამსახურის შიგნით ამ ტექსტმა ყველას ჩართულობა მოითხოვა და არავის მისცა საშუალება, მასზე ერთხელ მაინც არ ემსჯელა მწვავე დებატის ფარგლებში. ჩვენი სამინისტროს იურისტებიდან დაწყებული, ეკონომიკის მინისტრითა და პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, ყველას მოუხდა, რამდენჯერმე მაინც „მოეშალა ნერვები“, აღელვებულიყო, დაეხარჯა დრო და რესურსი იმ დიდი საქმისთვის, რასაც სრულიად უუფლებო დასაქმებულის კულტურიდან მინიმალური გარანტიებით დაცული დასაქმებულის კულტურისკენ სვლა ჰქვია.

შედეგი მიღწეულია. ამას ვულოცავ სწორედ დღეს ყველას, იმ დეპუტატებსაც კი, რომლებიც ყველაზე შეურიგებლები იყვნენ, რადგან მათ ამ „დაუნდობლობით“ ტექსტის საბოლოოდ დახვეწის საშუალება მოგვცეს ისე, რომ ახლად შექმნილი საწარმოები, როგორც ყველაფერი ახლად ფეხადგმული, უფრო მეტად იქნებიან დაცულნი, ვიდრე ამას ჩვენ პირველად რედაქციაში მოვიაზრებდით.

შრომის კოდექსის რეფორმის ამ პირველი ეტაპისათვის იუსტიციის სამინისტრომ დიდი ძალისხმევა გასწია. ამ რთულ პროცესს, რასაც პარლამენტის ქუთაისში ყოფნა კიდევ უფრო რთულ ფონს უქმნიდა, სამაგალითო შემართებით ედგა სათავეში იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე. გამბედაობა გამოიჩინა მთავრობამ, რომელმაც ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ინიციატივად აქცია. წარმატებაში დიდი წვლილი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმაც შეიტანა.

განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ, აგრეთვე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტები, მათ შორის კი, გამორჩეულად − ბატონი როჟე ლეკური, აგრეთვე, „IFL-CIO“-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს მთავრობის მრჩეველი ევროკავშირიდან, ბატონი თომას ჰამარბერგი, და ბევრი სხვა გულშემატკივარი.
ჩვენი მომავალი მიზანი შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვაა. სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატებულ და კანონით სათანადოდ დაცულ ქალებს პირადი ცხოვრებისა და შვილებისათვის მეტი დროის დათმობა შეუძლიათ, რაც ძლიერი ოჯახის ერთ-ერთი საფუძველია.

P.S. გუშინ ერთ-ერთი ბანკის ფილიალში პირად საქმეზე შევედი. სალაროში ახალგაზრდა ქალბატონმა ღიმილით მთავრობას მადლობა გადაუხადა შრომის კოდექსისათვის და მკითხა:

− და ახლა რას ვაკეთებთ, ვიწყებთ მუშაობას ქალთა უფლებებისთვის?

− დიახ, ქალბატონო!

Advertisements