ერთი სიტყვით, ნორმალური ქვეყანა ვხდებით

Imageროგორც შარშან, საპარლამენტო არჩევნებში, ახლაც, საარჩევნო დღის ბოლოს, ქვეყანა გამოვიდა გამარჯვებული.  ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საზოგადოებაში თანხმობას, ქვეყანაში სიმშვიდეს, სახელმწიფო სტრუქტურებში რეფორმების გაგრძელებას, საგარეო ასპარეზზე ევროპისკენ განუხრელ სვლას და სახელმწიფოებრიობის გამყარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხმა ხმა მისცა წინსვლას, რომლის გარანტიც გიორგი მარგველაშვილია. დღევანდელი შედეგით, ხალხმა დადებითად შეაფასა ის ერთწლიანი საქმიანობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახული კურსის შესაბამისად, ხელისუფლებაში ყოფნისას განახორციელა.

დღეიდან, სახელმწიფოსთვის ახალი, არანაკლებ რთული სამუშაო პროცესი იწყება, მაგრამ ეს პროცესი იქნება მშვიდი, ისტერიისგან, სპონტანურობისგან, გაუაზრებელი ქმდებებისგან თავისუფალი.

მთლიანად ხელისუფლება, ახლა უკვე პრეზიდენტის ჩათვლით, განსხვავებულად იმუშავებს და არაფერში ამ მხრივ არ ემსგავსება წინა ხელისუფლებას. სხვანაირი ხელისუფლების ეს სხვანაირი სტილი აგრეთვე სხვანაირი მიდგომების გამომუშავებას მოითხოვს მასთან მომუშავე ჯგუფებისაგან, ჟურნალისტებისაგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან… მათთვისაც ეს სერიოზული გამოწვევაა.

ერთი სიტყვით, ნორმალური ქვეყანა ვხდებით. რა კარგია.

Advertisements