ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი

selfie

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა დღეს ყველამ ერთად ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ხელმოწერა განვახორციელეთ ყველამ ერთად – ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ფარავს და ეხება მთლიანად საქართველოს, ის ფარავს და ეხება ყველა ინდივიდს, იქნება ის თბილისში, ოზურგეთში, ცხინვალში, სოხუმში თუ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილას. მთავარია, ინდივიდებმა მოინდომონ, რომ ამ პროცესში ჩაერთონ და სარგებელი მიიღონ.

ეს ხელშეკრულება არის დასტური. დასტური იმისა, რომ საქართველო საკუთარი, თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფოს შენებას აგრძელებს და რომ ქართველი ხალხი ამ შენებაში არ დაღლილა მიუხედავად სირთულეებისა.

დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ქართველ ხალხს სურს, მისი სამშობლო მრავალი თაობის მერეც დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ არსებობდეს. ამას კი შეუქცევადი საფუძვლების ჩაყრა ჭირდება. ერთ-ერთი ასეთი საფუძველია დღევანდელი დღე.

ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, თავისუფალი ინდივიდები, ევროპული განათლების მქონე ახალგაზრდები, კომპეტენტური და ქვეყნის ერთგული საჯარო მოხელეები, თავისუფალი ბაზარი და ძლიერი ეკონომიკა სჭირდება.

ამ ყველაფრის მიღწევა საქართველომ დიდი ხანია ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო. დღეს კი, თაობების მიერ ძველად დაწყებული, საქართველოს დამოუკიდებლობის მშენებლობის ერთი ისტორიული ეტაპის წარმატებას მოეწერა ხელი.

პრივილეგიაა, იყო იმ თაობის წარმომადგენელი, ვინც ამას მოესწრო.

მომდევნო ეტაპები წინაა და ასევე შრომას მოითხოვს, რაც არაფერია იმასთან შედარებით, რისი გადატანაც ჩვენს წინაპრებს უწევდათ თავისუფლებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით.

ვულოცავ ამ ისტორიულ ფაქტს საქართველოს ყველა მოქალაქეს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენსავით უხარია დღევანდელი დღე!

 

 

 

Advertisements