აგვისტოს ომი სტრასბურგში

2008 წლის 8 აგვისტოს დილაა, 9 საათი ხდება, სასამართლოს მაღალჩინოსანთან ვითხოვე წინა საღამოს შეხვედრა და კიბეებზე ავდივარ. გლდანში ერთი პატიმარი ზის, საქმეში დარღვევებია, მოსახსენებელი მაქვს. შევდივარ, მეგებება, მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი. უფროსები არ უყვართო, ასეა ცნობილი. მე კი ეს ადამიანი რატომღაც მიყვარს. მერე რა, რომ როხროხაა და ნერვებსაც მიშლის ხანდახან, ასე რომ არ იყოს, უფროსი არ იქნებოდა. ალბათ იმიტომ მიყვარს, რომ გადაწყვეტილებებში ერთდროულად წინდახედული და მამაცია, ასეთი ადამიანები კი დღევანდელ სამყაროში უმცირესობაში არიან. უკვე ხანშია შესული. ამ დროს ის ჯერ არ ვიცი, რომ ჩემზე ადრე დატოვებს სასამართლოს და პენსიაზე ვადამდე გაეშურება. როგორ დამღალეთო, იტყვის.

აბა მითხარიო, მეუბნება. ვხვდები, რომ პატიმარზე საუბრის ნაცვლად, სხვა რაღაცის თქმას ელის ჩემგან, რადგან წინა ღამე ყველასთვის ერთი და იმავე საშინელი ახალი ამბით სავსე ღამე იყო. კითხვიანი თვალებით შევხედე და ხმას ვერ ვიღებ. ამის პასუხად თავად მეუბნება: „მანქანაში რადიოს ვუსმენდი. კი მაგრამ, რა ბუზმა უკბინა?“ დიდხანს ვისაუბრეთ. გამაგრდიო, მითხრა.

გავიდა საშინელი დღეები.

11 აგვისტოა, სამუშაო დღე დასრულდა. აქ გვიანამდე ვრჩებით ყოველთვის, რადგან ქართული ციხეები გატენილია პატიმრებით, უამრავი საქმეა განსახილველი და გადაწყვეტილება დასაწერი, რომლებსაც, პატიმრების შემთხვევაში, კონვეიერის წესით ვაგზავნით საქართველოში: „წელმოწყვეტილია ამა და ამ საკანში, მიუჩინეთ მომვლელი“; „ჰეპატიტი აქვს, ღვიძლი უკვე ეშლება, განიხილეთ ვადამდე გათავისუფლების საკითხი“; „ტუბერკულოზიანი პატიმარი სულს ებრძვის, მიეცით შინ სიკვდილის უფლება“… დაახლოებით ასეთი შინაარსისაა თითქმის ყველა გადაწყვეტილება ამ ე.წ. „შუალედური ღონისძიებების“ შესახებ. მეორე მხარეს მოპასუხე, ვინც ეს უნდა შეასრულოს, მაშინდელი იუსტიციის მინისტრია. ნუ იქნება ოღონდ სტრასბურგში ბუნტი-ს პრინციპით, ძაღლუმადურად, მაგრამ მაინც ყოველთვის ასრულებს, მაგრამ რად გინდა. კაცი სიკვდილამდე არ უნდა მიიყვანო, ესაა მთავარი.

მიუხედავად ასეთი დატვირთულობისა, ამ დღეს ვერ ვძლებ გვიანამდე და რვა საათისკენ სახლში მივდივარ. გზაში ტელეფონი რეკავს. ქართული ნომერია. მანქანას ვაჩერებ და ვპასუხობ. იუსტიციის სამინისტროა, ქართული სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში. „დიდხანს ვერ გესაუბრებით. გვიბრძანეს სახელმწიფო შენობების ევაკუაცია, ტანკები თბილისთან არის მომდგარი. გაცნობებთ ტელეფონით, რომ ამ დღეს და ამ საათზე, შემომაქვს საქართველოს სახელით საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ და სახელმწიფოს სახელით ვითხოვ „შუალედურ ღონისძიებას“, რომ რუსეთმა საომარი მოქმედებები შეაჩეროს“ – და ჩუმდება. „მიღებულია. სანამ შენობას დატოვებთ, მეილზე მომეცით ეს ორი წინადადება და სხვა რაც გაქვთ უკვე მზად, რომ საჩივარი ოფიციალურად შემოტანილად ჩაითვალოს“ – ვეუბნები. „გასაგებიაო“ – მგონი ასე მითხრა.

სასამართლოში მივბრუნდი. შენობაში უკვე ბნელა, ყველა წასულა, თან აგვისტოა… ვურეკავ, 8 აგვისტოს რომ მკითხა ბუზის შესახებ. არ პასუხობს. კიდევ მის ზევით მხოლოდ ერთი უფროსია. ვურეკავ და ვიცი, რომ არ იქნება. თუმცა, მპასუხობს. უნდა მოვიდე-მეთქი. ავედი იმ სართულზე, თანამშრომლები დაცინვით რომ ზეციერებას ვეძახით, შევედი და სკამზე დავენარცხე. სიბნელეა, მაგიდის ლამპა უნთია, შუბლზე ვინ დაითვლის რამდენი ნაოჭი აქვს, ღმერთო, და სათვალეებიდან დამცქერის. ვუყვები ამბავს და მეილიც უკვე ხელში მაქვს გორის ცეცხლიანი ფოტოებით. ვატყობ, რომ სასაცილო ვარ, სიტყვები მერევა, ავიაციის მაგივრად ბევრჯერ ვამბობ აერაციას. მაგრამ ხვდება, რომ ომში ავიაციაა ალბათ უფრო სწორი სიტყვა. განიხილავს ხვალვე სასამართლოო, მშრალად ამბობს.

მეორე დილას, საქმე სხვა იურისტს დააწერეს, რომელიც არც რუსი უნდა ყოფილიყო და არც ქართველი (მიუკერძოებლობა აუცილებელია და მეტყველების უნარიც არაა უსარგებლო).

განიხილეს, და კაცის კვლისგან თავის შეკავება მოპასუხეს და მომჩივანს ერთდროულად დაავალეს. ეს გადაწყვეტილება თავად სტრასბურგის სასამართლოსთვის ისტორიული და მისი მაღალი რეპუტაციის ღირსი გადაწყვეტილებაა.
EUROPEAN COURT OF HUMAN RIGHTS
GEORGIA-OSSETIA/

Advertisements