საქართველოში სამართლის უზენაესობის დამკვიდრების საქმეში იუსტიციის სამინისტროს და ადვოკატებს ერთი მიზნები გვაქვს

tea ministri

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით, მაქვს პატივი მივულოცო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაარსებიდან 10 წლის იუბილე.

ეს ათი წელი არაერთი სირთულით იყო სავსე. მთავარი პრობლემა კი, როგორც თქვენც, მეც და ჩემს ორივე მოადგილეს – ალექსანდრე ბარამიძესა და მიხეილ სარჯველაძეს, ყოფილ ადვოკატებს, კარგად გვახსოვს, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და დაცვის მხარის ინტერესის შესაბამისი სამართლებრივი რეფორმების განხორციელების შეუძლებლობა იყო.

დღეს, იუსტიციის სამინისტრო თქვენი პარტნიორია და ის თქვენთან ერთად ქვეყნის პროგრესისათვის მუშაობს. ჩვენს საქმიანობაში სამართლებრივ რეფორმებს მთავარი ადგილი უჭირავს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს მიერ არაერთი ისეთი  რეფორმა განხორციელდა, რომელიც ადვოკატებს ხელს უწყობს, უფრო ეფექტურად დაიცვან თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირები.

მაგალითად, ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა, ისე გაასაჩივრონ აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინება, რომ ამისათვის არ მოუხდეთ დროის მცირე მონაკვეთში დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანხმობის მოპოვება;

დაცვის მხარეს და, ბუნებრივია, მათ შორის, ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა იშუამდგომლონ ჩხრეკა-ამოღების ჩატარების თაობაზე;

ადვოკატებს აღარ აქვთ ვალდებულება ექსპერტის დასკვნა მაინცდამაინც სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისაგან მოიპოვონ;

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმის კვალდაკვალ, დაცვის ქვეშ მყოფი პირები და მათი ადვოკატები აღარ არიან მთლიანად დამოკიდებული ბრალდების მხარის ნებაზე, რადგან მთელი პროცესი ახლა ბევრად უფრო გამჭვირვალეა და მოსამართლის როლიც ამ პროცესში ბევრად უფრო გაზრდილია;

ბევრად მეტი საპროცესო შესაძლებლობა გაიხსნა იმ ადვოკატების სასარგებლოდ, რომლებიც დაზარალებულის ინტერესებს იცავენ;

ადვოკატთა კორპუსს მიეცა უფლება, ღირსეულად წარმოადგინოს თავი საჯარო ხელისუფლების და საჯარო უფლებამოსილებების განმახორციელებელ სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში და ა.შ., რითაც ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა გავლენა იქონიონ სხვადასხვა დონის ორგანოების გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. ასეთივე უფლება ადვოკატებს ექნებათ სულ მცირე ხანში პროკურატურის საზედამხედველო ორგანოშიც – საპროკურორო საბჭოში, რომელიც “პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ ამოქმედდება;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და ცალკეული ადვოკატებიც მონაწილეობენ სხვადასხვა მიზნის და დანიშნულების უწყებათაშორისო საბჭოებში, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში; ყველას გვახსოვს, მანამდე ეს შეუძლებელი იყო;

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადვოკატებთან სამართლის სხვადასხვა სფეროში საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების მიზნით. მათ შორის, ადვოკატებთან აქტიური თანამშრომლობით შევიმუშავეთ ცვლილებები “არბიტრაჟის შესახებ” კანონში და ადვოკატთა ერთ-ერთ პროფესიულ გაერთიანებასთან ერთად ვმუშაობთ ცვლილებების პროექტზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

ყველა ამ ცვლილებასა და სიახლეზე ჩვენ სამი წლის წინ ერთად ვფიქრობდით, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის რეფორმის კომიტეტში, და არ გვეგონა, რომ მალე ეს შესაძლებელი გახდებოდა.

ცხადია, რჩება საკითხები, რომლებიც ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ მე მჯერა, ჩვენ ვიპოვით კომპრომისულ გზას, რომელიც ადვოკატს თავისი საქმიანობის სწორად და ეფექტურად განხორციელების საშუალებას მისცემს, ხოლო გამომძიებელს არ წაართმევს სამუშაო ინსტრუმენტს დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საქართველოში სამართლის უზენაესობის დამკვიდრების საქმეში ჩვენ ერთი და იგივე მიზნები გვაქვს. ამიტომაც გისურვებთ სიმხნევეს, ჩვეულ გამბედაობას, პროგრესულობას, ძალას მოთმინებისა და შრომისათვის, წარმატებებს, ბევრ გამამართლებელ განაჩენსა და მოგებულ საქმეს, ჯანმრთელობასა და წინსვლას!

მარად თქვენი გულშემატკივარი,

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით,

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი

Advertisements