ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი

selfie

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა დღეს ყველამ ერთად ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ხელმოწერა განვახორციელეთ ყველამ ერთად – ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა. ეს ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, ფარავს და ეხება მთლიანად საქართველოს, ის ფარავს და ეხება ყველა ინდივიდს, იქნება ის თბილისში, ოზურგეთში, ცხინვალში, სოხუმში თუ საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილას. მთავარია, ინდივიდებმა მოინდომონ, რომ ამ პროცესში ჩაერთონ და სარგებელი მიიღონ.

ეს ხელშეკრულება არის დასტური. დასტური იმისა, რომ საქართველო საკუთარი, თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფოს შენებას აგრძელებს და რომ ქართველი ხალხი ამ შენებაში არ დაღლილა მიუხედავად სირთულეებისა.

დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ქართველ ხალხს სურს, მისი სამშობლო მრავალი თაობის მერეც დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ არსებობდეს. ამას კი შეუქცევადი საფუძვლების ჩაყრა ჭირდება. ერთ-ერთი ასეთი საფუძველია დღევანდელი დღე.

ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, თავისუფალი ინდივიდები, ევროპული განათლების მქონე ახალგაზრდები, კომპეტენტური და ქვეყნის ერთგული საჯარო მოხელეები, თავისუფალი ბაზარი და ძლიერი ეკონომიკა სჭირდება.

ამ ყველაფრის მიღწევა საქართველომ დიდი ხანია ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო. დღეს კი, თაობების მიერ ძველად დაწყებული, საქართველოს დამოუკიდებლობის მშენებლობის ერთი ისტორიული ეტაპის წარმატებას მოეწერა ხელი.

პრივილეგიაა, იყო იმ თაობის წარმომადგენელი, ვინც ამას მოესწრო.

მომდევნო ეტაპები წინაა და ასევე შრომას მოითხოვს, რაც არაფერია იმასთან შედარებით, რისი გადატანაც ჩვენს წინაპრებს უწევდათ თავისუფლებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით.

ვულოცავ ამ ისტორიულ ფაქტს საქართველოს ყველა მოქალაქეს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენსავით უხარია დღევანდელი დღე!

 

 

 

Advertisements

ერთი სიტყვით, ნორმალური ქვეყანა ვხდებით

Imageროგორც შარშან, საპარლამენტო არჩევნებში, ახლაც, საარჩევნო დღის ბოლოს, ქვეყანა გამოვიდა გამარჯვებული.  ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საზოგადოებაში თანხმობას, ქვეყანაში სიმშვიდეს, სახელმწიფო სტრუქტურებში რეფორმების გაგრძელებას, საგარეო ასპარეზზე ევროპისკენ განუხრელ სვლას და სახელმწიფოებრიობის გამყარებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ხალხმა ხმა მისცა წინსვლას, რომლის გარანტიც გიორგი მარგველაშვილია. დღევანდელი შედეგით, ხალხმა დადებითად შეაფასა ის ერთწლიანი საქმიანობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ, პრემიერ-მინისტრის მიერ დასახული კურსის შესაბამისად, ხელისუფლებაში ყოფნისას განახორციელა.

დღეიდან, სახელმწიფოსთვის ახალი, არანაკლებ რთული სამუშაო პროცესი იწყება, მაგრამ ეს პროცესი იქნება მშვიდი, ისტერიისგან, სპონტანურობისგან, გაუაზრებელი ქმდებებისგან თავისუფალი.

მთლიანად ხელისუფლება, ახლა უკვე პრეზიდენტის ჩათვლით, განსხვავებულად იმუშავებს და არაფერში ამ მხრივ არ ემსგავსება წინა ხელისუფლებას. სხვანაირი ხელისუფლების ეს სხვანაირი სტილი აგრეთვე სხვანაირი მიდგომების გამომუშავებას მოითხოვს მასთან მომუშავე ჯგუფებისაგან, ჟურნალისტებისაგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან… მათთვისაც ეს სერიოზული გამოწვევაა.

ერთი სიტყვით, ნორმალური ქვეყანა ვხდებით. რა კარგია.

დაბადების დღის ერთი სანთელი

blogphoto

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს დიდი დღე იყო. 1 ოქტომბერი.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ზომიერად ვიზეიმოთო, რაც სწორია. ზომიერად უნდა გიხაროდეს ადამიანს უზომო სიხარული და დიდი გამარჯვების ბედნიერება. ასეთ ადამიანზე იტყვიან დახვეწილიაო. მაღალი თანამდებობის ასეთ პირზე იტყვიან ალბათ  სახელმწიფო მოღვაწეაო.
გუშინ კიდევ ერთხელ მოვიხედე უკან. რთული დღეები გამივლია, ბევრი მინერვიულია, ბევრი მწყენია და ბევრიც გამხარებია. ბევრი მიმუშავია ჩემს გუნდთან და იმ ხალხთან ერთად ვინც აქ დამხვდა, ვინც უკვე ჩემიანია, და ვის ადვოკატადაც ვიდექი ერთი წელი თუნდაც ჩემივე გუნდის შიგნით… შარშან ივლისში ნახალოვკაში რომ დავდექი და ქართული ოცნების ნაძალადეველ გოგო-ბიჭებს ვუთხარი, რაიონი კი უზარმაზარია, მაგრამ ქუჩა არ უნდა დარჩეს შეურყეველი და დავიძარით-მეთქი, მას მერე სახლში გატარებული ერთი კვირა დღე სანატრელი გამიხდა. არაფერს ვამბობ შვებულებაზე… კიდევ კარგი, სახლში მხოლოდ ძაღლი მყავს, ისიც შარშან დაიბადა ახმეტაში პირველ ოქტომბერს. ხანდახან მგონია, რომ მეც მასთან ერთად დავიბადე, რადგან, 9 წლის მერე, თავისუფლად პირველად ამოვისუნთქე. კილიმანჯარო ჰქვია. წყინს, რომ მიტოვებულია, მაგრამ ენა არ აქვს, რომ ყველაფერი თქვას. მისი ეს უენობა პირდაპირ განაპირობებს ჩემს ასე თუ ისე ნორმალურ რეიტინგს ბოლო დროის მაღალკვალიფიციურ კვლევებში…
რა გავაკეთეთ ეს ერთი წელი?
პროექტები რომ ჩამოვთვალო და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვილაპარაკო,  რომლებიც ჩვენმა სამინისტრომ განახორციელა, მოსაწყენი იქნება ბლოგის მკითხველისათვის. ეს მედიის დახმარებითაც შუქდება და ვიცით.
ამიტომ მთავარ მიღწევაზე ვიტყვი.
ჩვენ დავამარცხეთ სახელმწიფო დონეზე მარტივი აზროვნება, ჩვენ გავაადამიანურეთ სახელმწიფო სტრუქტურები, ივანიშვილის ხელისუფლებამ საბოლოოდ მოშალა უმუხრუჭო ხელისუფლების მავნე ფენომენი და საფუძველი ჩაუყარა ისეთ სისტემას, რომელსაც საკუთარი შეცდომების კორექტირება შეუძლია და საკუთარ თავს არ ჭამს საბჭოთა კავშირივით ან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასავით.
იუსტიციის სამინისტროს უწყებაში გამოხატვის თავისუფლება დღეს კულტურის ნაწილია. არავის ეშინია იმის, რომ უკმაყოფილების გამოთქმისთვის დაისჯება. რა თქმა უნდა, ამას თავისი უკიდურესობებიც ახლავს, რასაც მენეჯმენტი დასჭირდა, მაგრამ მთავარი მაინც ღირებულებითი სტანდარტია, ხოლო მისგან გადახვევები ერთეული შემთხვევებია. იუსტიციის სამინისტროს შენობას ვინც გვერდით ჩაუვლის, იქნება ეს მოქალაქე თუ მეზობელი პროკურატურის ან სამინისტროების თანამშრომლები, მათ „აღარ ზარავთ“, როგორც თავად იტყვიან ხოლმე. იუსტიციის სამინისტროს უწყებაში დღეს უკვე ყველამ იცის, რომ დემოკრატია და დასავლელობა მეცხრე სართულზე მარტოდ გამოკეტილი ჯადოქარი მინისტრი არ არის, რომელიც ერთ დღეს ერთ ბიზნესმენს წაართმევს მილიონებს და მეორე დღეს რომელიმე დეპუტატს აიძულებს გაიტანოს პარლამენტში მისი პროექტი, ხოლო ორივე დღეს მოსამართლე ჰყავს ტერორში. ყველამ გაიგო იუსტიციის უწყებაში, მათ შორის იმ პროკურორებმაც, რომლებიც ჩემთან აღარ არიან, რომ დემოკრატია ნიუანსების გათვალისწინების, ინსტიტუტების შექმნისა და ჯანსაღ აზრთა სხვადასხვაობაში სწორი გადაწყვეტილების გამოკვეთის მექანიზმების ერთობლიობაა. და არა მხოლოდ. დემოკრატია იმისათვის არის დემოკრატია, რომ ის ძნელი უნდა იყოს. დემოკრატია მარტივ აზროვნებას არავის პატიობს.
ჩვენ, ერთი წლის წინ, სწორედ ეს მარტივი აზროვნება დავამარცხეთ. „დადგება ორი ოქტომბრის დილა და ძვლებში დაგამტვრევთ“ – ყოველთვის ჩამესმის ლოტკინზე მერაბ სამადაშვილის სახლიდან გამოვარდნილი კაცის ხმა, რომელიც იარაღით ყელყელაობდა. მარტივია – მე ვარ ხელუსიფლებაში, შენ გაქვს განსხვავებული აზრი და ძვლებში დაგამტვრევ. ჩვენ ამ დროს ლოტკინის ლამაზ ქუჩებში ფლაიერებს ვარიგებდით. ამ სახლთანაც ჩავიარეთ, დაკაკუნება არც კი გაგვიფიქრია. მაგრამ ამის უფლება ადრე ვის ჰქონდა? ის იყო ყველა მთავრობისას ხელისუფლებაში და ეგონა, რომ ასე იქნებოდა მარად.
მარად-ზე გამახსენდა. ესეც შევცვალეთ. გაგიმხელთ და ერთ ჩემს თანამშრომელს, ე.წ ადეიშვილის კადრსა და შესაბამისად ზოგისათვის ყოვლად „საძულველ“ არსებას, თუმცა ჩემთვის პროფესიონალს, რომელსაც ერთადერთი ის დაუშავებია, რომ მისი მინისტრი ადეიშვილი ყოფილა, თორემ მინისტრის ნახვა ერთი ერთზე არასოდეს ღირსებია, ერთხელ გავეხუმრე. „ზოგს კი ჰგონია, რომ ზურაბი წასულია, მაგრამ ის სინამდვილეში სამინისტროს სახურავზე, თავისივე ტერასაზე ცხოვრობს-მეთქი.“ ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავად არ გამცინებოდა. მეტყველი იყო მის სახეზე შინაგანი რეაქცია: „მინისტრები ასე არ ხუმრობენ, და თუ ხუმრობენ, თავიანთ თანამშრომლებს თავიანთი მაღალი ხუმრობის ღირსად არ ხდიან, შესაბამისად, მინისტრი ამბობს მართალს და თუ ის ამბიბს მართალს და თუ მართლა წინა მინისტრი ცხოვრობს სახურავზე (და აქ ალბათ უნდა წარმოვიდგინოთ ტერასაზე ტეკის სავარძელში მჯდარი “ნიჭიერი ბოროტი”, ჩაფიქრებული იმის თაობაზედ, თუ როგორ გააკოტროს ბანკი „ქართუ“), მაშინ?????? თანამშრომლის სახეზე ეს ბევრი ფიქრი წამების მეათედები გრძელდება და საოცარია, როგორ უნათდება სახე ბოლოს, როგორც კი ხვდება, რომ დიახ, მინისტრებიც ხუმრობენ თავიანთი რიგითი თანამშრომლების თანდასწრებით. ის დღემდე ალბათ მაინც ფიქრობს, რატომ ვეხუმრე მას და არა სხვას, რისი ნიშანი უნდა იყოს ეს – კარგის თუ ცუდის და ა.შ.
რა თქმა უნდა, დასანანია, რომ აღსანიშნავ ფაქტად იქცა ის, თუ როგორ გავაადამიანურეთ სახელმწიფო სისტემა. ზოგი ფიქრობს, რომ დიქტატი და შიში, რაზეც ნაციონალებმა ხელისუფლება დაამყარეს უცილებელი იყო შევარდნაძის ქაოტური სისტემის დასამარცხებლად. სიმკაცრე საჭირო იყო ალბათ თავიდან, მაგრამ რა მოხდა მერე? მერე მოხდა ის, რომ არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა. უკრიტიკობამ დაღუპა წინა ხელისუფლება და მიიყვანა იქამდე, რომ მარტივი აზროვნება გახდა ქვეყნის სამართავად საკმარისი. ეს აზროვნება დამარცხებულია. ყველა მოქალაქემ მინდა იცოდეს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კი მიიღება დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ, არის კრიტიკის სხვადასხვა, შიდა ფილტრში გატარებული. თუ მაინც ხდება შეცდომები, დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი შეცდომების გასწორების უნარი აქვს. ეს წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა. მუხრუჭები არ არსებობდა. კოალიცია ჭრელია და ამით არის სწორედ მდიდარი. ეს არის მუხრუჭების არსებობის ერთ-ერთი გარანტი. დღეს საქართველოს კლანი კი არ მართავს, არამედ ადამიანების ჯგუფი, რომელთაც თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ, რომლებიც განსჯიან, ფიქრობენ, ყოყმანობენ, მსჯელობენ, წვალობენ, უხარიათ, წყინთ და საბოლოოდ მაინც საქმის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ შეცდომებს უშვებენ, ამ შეცდომების დროულად გასწორების მექანიზმებსაც თავად ქმნიან და რობოტებივით არ იმეორებენ ერთი და იმავე სიტყვებით, რომ თავად არიან მართალნი და ხალხი ყოველთვის ტყუის და ცდება. იდეალური ხელისუფლება არ არსებობს, არსებობს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ხან ერთი მთავრობა უდგას, ხან სხვა.
იუსტიციის სამინისტროში მე მომავალი იუსტიციის მინისტრისთვის ვმუშაობ, რადგან როცა ამის დრო დადგება, მას მინდა დახვდეს სისტემა, რომელშიც აღარ იქნება ზურას ან თეას კაბინეტი, არამედ  იქნება იუსტიციის მინისტრის კაბინეტი, რომლის ბინადარიც ხანგამოშვებით შეიცვლება ხალხის ნების მიხედვით, ხოლო პასუხისმგებლიანი საჯარო მოხელეები დარჩებიან, მათ ასეთივე ახლები შეემატებიან და გაამდიდრებენ.
მთავრობები მიდიან და მოდიან, სისტემა კი რჩება. აი ამ კულტურას საბოლოოდ ჩავუყარეთ ჩვენ ამ ერთ წელიწადში საფუძველი. ეს დიდი მიღწევაა.

PS. მისაყვედურეს, ბლოგს არ კვებავო და, ამიტომაც, ამ დიდ დღეს მივუძღვენი მისი განახლება. მომავალ ტექსტს მალე დავწერ და, სხვათა შორის, არც რაღაც განცხადებები არ მაქვს უჯრაში გადამალული.

შრომის კოდექსის ცვლილებები ძალაშია

 

ფოტო

შრომის კოდექსის რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდა. გუშინ ჩვენ მიერ შემუშავებულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა უკომენტაროდ მოაწერა ხელი მას შემდეგ, რაც მათი მიღება ქვეყნის ეკონომიკისათვის დამღუპველ ფაქტად შეაფასა. ალბათ, აზრი შეიცვალა ან ვეტოები მობეზრდა.

შრომის კოდექსის ახალი რედაქცია არც დასაქმებულის უფლებებს იცავს ისე, როგორც სოციალისტებს გაუხარდებოდათ, და არც დამსაქმებელს აძლევს იმის უფლებას, უსაფუძვლოდ და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული სამსახურიდან, ან დღედაღამ მუშაობა დაავალოს მხოლოდ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. დამსაქმებელს იმ კედლიდან მხოლოდ ერთი ნაბიჯით უკან დახევა მოუწია, რომელთანაც დასაქმებული წლების განმავლობაში ჰყავდა მიყენებული. ჩვენი ახალი კოდექსი ბოლომდე არც დასაქმებულს მოსწონს და არც დამსაქმებელს − ამიტომაც არის ის კარგი; ყველა მხარის მიერ გაწეული კომპრომისის შედეგი. შრომის ახალი კოდექსი დასაქმებულისთვის უზრუნველყოფს მინიმუმის მინიმუმს, როგორც ეს არაერთმა უცხოელმა ექსპერტმაც დაადასტურა და გვაახლოებს იმ დასავლურ საზოგადოებას, რომლის ნაწილიც ჩვენ საბოლოოდ მალე უნდა გავხდეთ. 

შრომის კოდექსის ცვლილებებზე მუშაობა სხვა მხრივაც იყო მნიშვნელოვანი. ამ პროცესმა საფუძველი ჩაუყარა ბიზნესსა და სახელმწიფოს, ბიზნესსა და პროფკავშირებს, პროფკავშირებსა და სახელმწიფოს შორის აზრთა ჭიდილს ერთი საერთო საქმის გარშემო, იმ კანონის გარშემო, რომელიც ყველა ადამიანს ეხება და არავის ტოვებს გულგრილს. საოცარი ძალისხმევა გასწიეს კომპრომისის მიღწევაში საქართველოს ბიზნესასოციაციამ, ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, პროფკავშირების გაერთიანებულმა ფედერაციამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და ბევრმა სხვამ. 

მმართველი პოლიტიკური გუნდისა და საჯარო სამსახურის შიგნით ამ ტექსტმა ყველას ჩართულობა მოითხოვა და არავის მისცა საშუალება, მასზე ერთხელ მაინც არ ემსჯელა მწვავე დებატის ფარგლებში. ჩვენი სამინისტროს იურისტებიდან დაწყებული, ეკონომიკის მინისტრითა და პრემიერ-მინისტრით დამთავრებული, ყველას მოუხდა, რამდენჯერმე მაინც „მოეშალა ნერვები“, აღელვებულიყო, დაეხარჯა დრო და რესურსი იმ დიდი საქმისთვის, რასაც სრულიად უუფლებო დასაქმებულის კულტურიდან მინიმალური გარანტიებით დაცული დასაქმებულის კულტურისკენ სვლა ჰქვია.

შედეგი მიღწეულია. ამას ვულოცავ სწორედ დღეს ყველას, იმ დეპუტატებსაც კი, რომლებიც ყველაზე შეურიგებლები იყვნენ, რადგან მათ ამ „დაუნდობლობით“ ტექსტის საბოლოოდ დახვეწის საშუალება მოგვცეს ისე, რომ ახლად შექმნილი საწარმოები, როგორც ყველაფერი ახლად ფეხადგმული, უფრო მეტად იქნებიან დაცულნი, ვიდრე ამას ჩვენ პირველად რედაქციაში მოვიაზრებდით.

შრომის კოდექსის რეფორმის ამ პირველი ეტაპისათვის იუსტიციის სამინისტრომ დიდი ძალისხმევა გასწია. ამ რთულ პროცესს, რასაც პარლამენტის ქუთაისში ყოფნა კიდევ უფრო რთულ ფონს უქმნიდა, სამაგალითო შემართებით ედგა სათავეში იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე. გამბედაობა გამოიჩინა მთავრობამ, რომელმაც ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ინიციატივად აქცია. წარმატებაში დიდი წვლილი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმაც შეიტანა.

განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ, აგრეთვე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტები, მათ შორის კი, გამორჩეულად − ბატონი როჟე ლეკური, აგრეთვე, „IFL-CIO“-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოს მთავრობის მრჩეველი ევროკავშირიდან, ბატონი თომას ჰამარბერგი, და ბევრი სხვა გულშემატკივარი.
ჩვენი მომავალი მიზანი შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვაა. სამსახურებრივ საქმიანობაში წარმატებულ და კანონით სათანადოდ დაცულ ქალებს პირადი ცხოვრებისა და შვილებისათვის მეტი დროის დათმობა შეუძლიათ, რაც ძლიერი ოჯახის ერთ-ერთი საფუძველია.

P.S. გუშინ ერთ-ერთი ბანკის ფილიალში პირად საქმეზე შევედი. სალაროში ახალგაზრდა ქალბატონმა ღიმილით მთავრობას მადლობა გადაუხადა შრომის კოდექსისათვის და მკითხა:

− და ახლა რას ვაკეთებთ, ვიწყებთ მუშაობას ქალთა უფლებებისთვის?

− დიახ, ქალბატონო!