Tag Archives: აფხაზეთი

მოლაპარაკება საკუთარ სიკვდილზე ჰუმანიტარული მიზნებისათვის

32

ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს ჩემი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ეთნიკური ნიშნით ჯგუფიდან გამოურჩევია და მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენს დაღუპულ გმირებთან ერთად დღეს იმათაც მსურს მივაგო პატივი, ვინც გადარჩა და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ დღევანდელი ბრძოლა სულ სხვა ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა შერიგებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არასოდეს არ განმეორდეს.

შერიგების და გამთლიანების იმედს კი სწორედ ეს ფოტო და მისი ისტორია იძლევა.

გოჩა ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ტყვარჩელი ქართველ მეომრებს ალყაში ჰყავთ. გაერო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობს ალყაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის. გოჩას ხელმძღვანელობა ავალებს სოჭში მოლაპარაკებები აწამოოს ტვირთის შეტანის პირობების შესახებ. გოჩაც, იღებს თავის დიპლომატს, რომელშიც საწერი ქაღალდები უწყვია, და მიდის ვაზიანიდან სოჭში. დიდი ხნის რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსი სამხედროები, გაეროს შვედი გენერალი, წითელი ჯვარი და გოჩა ფორმატზე თანხმდებიან. ფორმატი ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ყველა ამ მხარის ტყვარჩელში შეფრენას გულისხმობს.

მოლაპარაკება საკუთარი სიკვდილის შესახებ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ესაა ის, რაშიც გოჩა ლორთქიფანიძე სოჭში მონაწილეობას ღებულობს და თანხმდება. საგარეომ ეს შედეგი არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ წარმომადგენელი მიავლინა მოლაპარაკებებზე.

ტყვარჩელში დაფრენილ სამ ვერტმფრენს აფხაზების გამწარებული ტალღა შემოერტყა გარს და იქიდან გადმოსული პირები აიტაცა. გოჩა რომ ქართველია ეს იციან. მთავრობას რომ წარმოადგენს ესეც. რუსმა გენერალმა გამწარებულ აფხაზებს გადაულაპარაკა, რას მერჩით, ია ჟე ნე გრუზინ, რებიატაო. მთავარი აგრესია გოჩაზეა და წითელი ჯვრის ქართველ წარმომადგენელზე, ვოვა მესხზე, მაგრამ თუ მოკლეს, საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც მოითხოვს მასზე პასუხს, რაც მაინც შეღავათია.

ტვირთი ჩამოიცალა, მარგამ ხალხი მაინც აგრესიულია და პასუხს ითხოვს ქართული მთავრობისაგან. მთავრობა კი გოჩაა. მიგვიშვითო, იძახიან. უცებ, საიდანღაც გოჩას ჯგუფელი სოხუმის უნივერსიტეტიდან, აფხაზი თემურ ერქვანია გამოჩნდა, ავტომატით ხელში და მისკენ გამოემართა. ქართული სისხლი აქვს ხელებზე, გაიფიქრა გოჩამ, რომლისთვისაც სიკვდილი ამ დროს სიბერესთან უკვე აღარაა დაკავშირებული. ერქვანიასგან მარჯვენა ხელი წამოვიდა ავტომატის გარეშე, გამარჯობის ნიშნად, რომელსაც გოჩამ საკუთარი შეაგება და უთხრა : “ანცშვამ განგვსაჯოს”. პასუხად ერქვანიამ თავისი ჯგუფელი დაცვის ქვეშ აიყვანა და გაგიჟებული მოსახლებისთვის რომ მოერიდებინა, აეროდრომის შენობაში შეაცილა. მაგრამ ერქვანია წავიდა, საქმე აქვს და არ სცალია, ქალაქი ალყაშია.

ლორთქიფანიძე და მესხი ბოევიკებმა ჩაიბარეს და ცალკე მოათავსეს. აფხაზი ქალი ახსენდება გოჩას, რომელიც ეუბნება, რომ არ ინერვიულოს,   რომ ყველაფერი კარგად იქნება… ომი აბსურდია, მტერი პირობითი სიტყვაა ომშიო, ამბობს გოჩა დღესაც. ამის შეგნებამ მიმიყვანა იქამდე, რომ რაკი გადავრჩი კონფლიქტების მოგვარებაზე მემუშავა და დიპლომატიაში დავრჩენილიყავიო, მიხსნის. ტყვარჩელში მტრის განცდა არ მქონია, ვხედავდი როგორ კლავდა ჩემი ერის ერთი ნაწილი მეორესო…

რამდენიმე ხანში ორი ქართველის გაყვანა დაიწყეს. აი ეს არის სწორედ ამ ფოტოზე, გაყვანა, რომელიც როიტერის ფოტოგრაფმა სამუდამოდ აღბეჭდა ფირზე.

გაყვანის დროს, ვერტფრენებმა აფრენისთვის მზადება დაიწყეს. რუსიც, შვედიც, და სხვებიც ყველა ვერტმფრენში შევიდა. მხოლოდ ორ ქართველს არ აქვს უკან გზა. ისინი გაჰყავთ.

გოჩა ქვასავით მშვიდია ამ ფოტოზე. ეს ყველა იმ ქართველი გმირის სიმშვიდეა, რომელიც ომში დახვრიტეს. არც ერთი აღელვებულა, არც ერთს დაუჩოქია.

ცოტა ხანში, აფრენილი ვერტმფრენის კარი გაიღო და იქიდან შვედი გენერალი გადმოხტა. გაიქცა. ბოევიკი შემოაბრუნა და თავისი ჯავშანჟილეტი გოჩას შემოახვია, თან მესხიც გაიყოლა.

გაეროს ვერ ესროლეს. გენერალი პერ კალსტრომი დღესაც ცოცხალია.

გოჩა ლორთქიფანიძის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას აფხაზეთიდან პროფესორი რეზო კაცია სიამაყით გამოეხმაურა ფეისბუქზე და თქვა, რომ ამ წარმატებაში მისი წვლილიცაა. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი გოჩა ლორთქიფანიძე რაც გახდა საქართველოს მთავრობისათვის, ამაში აფხაზეთის დიდი წვლილია. ამიტომაც მეამაყება გოჩა განსაკუთრებულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისას წარმოადგენს ის იუსტიციის სამინისტროს, თუ ჟენევის ფორმატში, სადაც ნდობის აღდგენაა მთავარი მიზანი.