Tag Archives: მიწა

ქართულ მიწას მოფრთხილება სჭირდება

mica

სახნავ-სათეს მიწას, როგორც სპეციალური ტიპის რესურსს, და მით უმეტეს ქართულ მიწას რომ მოფრთხილება სჭირდება, მეგონა ეს ყველას ესმოდა. ეს კარგად ესმით საფრანგეთში, პოლონეთში… ანდა, არ ჩამოვთვლი, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ესმით ყველა ევროპულ ქვეყანაში და იქ საკუთარ მიწას უფრთხილდებიან, იცავენ, მით უმეტეს თუ ის გლეხებისა და ფერმერებისათვის არის განკუთვნილი. სახნავ-სათესმა მიწამ, სასურსათო გაჭირვებისას, რომელიც მსოფლიოში ერთ დღეს მასშტაბური და გარდაუვალი იქნება, ჩვენი მომავალი თაობები ბევრი წლის მერე შიმშილისაგან უნდა იხსნას.

როგორც ჩანს, საქართველოს იურისტებში ეს ყველას არ ესმის, ან არ უნდა, რომ გაიგოს.

ლამაზია მოსამართლის მანტია, მაგრამ უფრო მთავარი მაინც ისაა, რომ საქმის განხილვისას მოსამართლემ ე.წ. პროპორციულობის ტესტი ჩაატაროს და განსაზღვროს, მორატორიუმის დროებითი ზომა რა მიზნით იყო ხელისუფლების მიერ შემოღებული და იყო თუ არა ეს ისეთი მიზანი, რომელიც დანარჩენ სხვა ასპექტებს გადაწონიდა. ბათუმის მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ ქართული მიწის დაცვა არ არის ის, რაც გადაწონის დანარჩენ სხვა არგუმენტს. აგრეთვე მნიშვნელოვანია, როცა მოსამართლე ხარ,  ყურადღება მიაქციო იმასაც, რომ მორატორიუმზე უკვე იყო კანონით დათქმები და გამონაკლისები შემოღებული, რომლებიც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარეობს, და აღარ წარმოადგენდა ეს დროებითი ზომა აბსოლუტურ აკრძალვას… ეს დათქმები ჩვენი მუშაობის პირველი შედეგი გახლდათ მიწის საკითხების უწყებათაშორის საბჭოში.

მორატორიუმი იმისთვის იყო შემოღებული, რომ რეგულაციებზე მუშაობა დაგვესრულებინა და შემოგვეღო წესები, რის მიხედვითაც უცხოელი, თუ ის სერიოზული ინვესტორი იქნებოდა, შეძლებდა მიწის ყიდვას, დამუშავებას, ბიზნესის წარმოებას, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობას. თუ ეს ასე არ იქნებოდა, ასეთ უცხოელს სახნავ-სათესი მიწის ყიდვა გაუჭირდებოდა. აი, ამ საკითხებზე ვმუშაობდით ეს თვეები ყველა ერთად და, როგორც ხვნისას იტყვიან, გავედით ბოლოში. თითქმის.

ამ დროს ბათუმიდან შემოგვითვალეს, არც ქართული მიწა გვაინტერესებს, არც ხვნა-თესვა და არც სასურსათო უსაფრთხოება და ინვესტიციებიო. ძველადაც გვაქვს რაღაც  მსგავსი გადაწყვეტილება გამოტანილი და იმას „დავაკოპიპეისტებთო“. და ასეც გააკეთეს. მორატორიუმი მოხსნეს და ასე უწესებოდ დატოვეს ქვეყანა.

სხვა არაერთ დავაზე მოგიწევთ პროპორციულობის ტესტის ჩატარება, ბატონებო, და მოდით, ერთად წავიკითხოთ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, ვისწავლოთ როგორ კეთდება ეს. არ არის ეს დაუძლეველი საქმე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გუშინ შევიდა. ოქროს პრეცედენტი ეს ვერ იქნება. სხვა თუ არაფერი, გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული არ არის და ყოველ გვერდზე ძველ გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რომელიც საერთოდ მოსატანი არ იყო.

ვინც ამ გადაწყვეტილებით შეშფოთდა, გამხნევდეს, რადგან ჩვენ უკვე ამ თვეში შევიტანთ პარლამენტში დასამტკიცებლად რეგულაციებს, რის შემდეგაც დაცული იქნება როგორც ქართული მიწა და მისი სასოფლო-სამეურნეო ხარისხი, ასევე უცხოელი ინვესტორის ინტერესიც.